Sunday, February 12, 2012

Whitney Houston VS african children

     2011 წლის ივლისში გარდაიცვალა ემი ვაინჰაუზი. ჩემმა ბევრმა მეგობარმა ააჭრელა ფეისბუქის კედელი მის ხსოვნისადმი მიძღვნილი პოსტებით. მე არ განმიცდია– მის სიმღერებს არასდროს ვუსმენდი და გავჩუმდი.
     2011 წლის ოქტომბერში სტივ ჯობსი გარდაიცვალა. მისი სიკვდილიც რა თქმა უნდა მოედო სოციალურ ქსელებს და კვლავ ბევრმა ჩემმა მეგობარმა გამოხატა წუხილი. მე არ განმიცდია– რამოდენიმეჯერ თუ მქონდა თვალი მოკრული ამ ადამიანისთვის და უბრალოდ გავჩუმდი.
     დღეს გავიგე რომ უიტნი ჰიუსტონი გარდაიცვალა და ძალიან განვიცადე. ბავშვობიდან მიყვარდა, მისი რამოდენიმე სიმღერაც მაქვს მობილურში და ყოველთვის ვიყავი მისი მოსმენის განწყობაზე. ბუნებრივია , რომ მისი სიკვდილი ასევე ბევრმა განიცადა და ფეისბუქის კედლები მისი სიმღერებითაა გადავსებული.
     თუმცა , ამ პოსტ ვწერ არა იმიტომ, რომ უიტნის სიკვდილით გამოწვეული მწუხარება გამოვხატო, არამედ იმიტომ რომ პროტესტი გამოვთქვა მოდის მიმართ, რომელსაც ჰქვია: „რა დროს მაგაზე ტირილია, აფრიკაში ბავშვები იღუპებიან“.
     ჩემო ძვირფასო თუ არც ისე ძვირფასო მეგობრებო, სამყაროში რომ ბევრი უსამართლობა ხდება, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ არ განიცადო ერთი ტრაგედია მარტო იმიტომ, რომ პარალელურად სხვაც ხდება, მხოლოდ ორ არჩევანს გვიტოვებს– ან ყველაფერი განიცადო ერთდროულად (ეჭვი მეპარება რომელიმე ადამიანს ამის უნარი გააჩნდეს) და ნაადრევ ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალო, ან არ განიცადო არაფერი. ჩვენ კი, უბრალო მოკვდავები, რომლებიც საყვარელი ადამიანის გარდაცვალებისას სოციალურ ქსელებს „ვტვირთავთ“ და დროებით გართმევთ სიამოვნებას მეგობრების კედლებზე 9gag-ის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ პოსტების, ტუჩებდაბერილი ფოტოების, ან მსგავსი „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“ ინფორმაციის თვალიერებისა, ვარჩევთ პირველ რიგში ვიდარდოთ ადამიანებზე, რომლებმაც ჩვენს ცხოვრებაში გარკვეული კვალი დატოვეს–იქნება ეს ნათესავი, მეგობარი, ოჯახის წევრი თუ უამრავი კილომეტრის დაშორებით გარდაცვლილი უიტნი ჰიუსტონი. ეს კი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ გვაწუხებს სხვა ბევრი უსამართლობაც, რომელიც გარშემო ხდება. 
       რჩევა – სანამ უპატივცემულობას გამოვხატავთ იმ ადამიანის მიმართ, რომლის სიკვდილიც ჩვენმა თუნდაც ერთმა მეგობარმა ძალიან განიცადა, კარგად დავფიქრდეთ რა რეაქცია გვექნება, ვინმე რომ გამოგვეცხადოს ახლობელის გარდაცვალებით დამწუხრებულს და შეგვახსენოს, რომ მსოფლიოში დღეს კიდევ ათასი ჩვენთვის უცნობი ადამიანი გარდაიცვალა და ეს თითქოსდა გვართმევს უფლებას ვიდარდოთ იმაზე, ვინც ჩვენთვის იყო მნიშვნელოვანი.
      P.s.- ის დროა ნებისმიერი ცნობილი ადამიანის გარდაცვალების დღეს, გარდაცვლილ აფრიკელთა ხსენების დღეც დაწესდეს– სამწუხაროდ, უმრავლებას სწორედ ასეთ დროს ახსენდება ისინი.

2 коммент.:

  1. ჩავიდა ვიტნი, დარეკა კარგად ვარო, ლუციფერი და სხვა დემონებიც ძალიან კმაყოფილები არიან.

    ReplyDelete
  2. გმადლობთ, ცოტა დავმშვიდდი :D

    ReplyDelete